გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პატრონაჟის საკითხთან დაკავშირებით
ხელშეკრულება გაფორმდება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ბანკი“ „მომავლის ფონდის“ მეშვეობით, პარკის დასაფინანსებლად 122 ათას ლარს გამოყოფს.
ხელშეკრულებას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „კავკასიის ბუნების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მორისონი მოაწერენ ხელს.
ხელშეკრულების თანახმად, ბანკი ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ფინანსურ მხარდაჭერას კიდევ ერთი წლის განმავლობაში გააგრძელებს. თანხა ეროვნული პარკის მოვლასა და მიმდინარე ხარჯებს მოხმარდება.
„საქართველოს ბანკი“ სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე სამი წელია თანამშრომლობს. 3 წლის განმავლობაში ბანკმა პარკი 245 ათასამდე ლარით დააფინანსა.

















