ნორვეგია საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით დაინტერესდა.
ამის შესახებ ნორვეგიაში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ ერთი ნორვეგიული კომპანია საქართველოში ჰესების კასკადის მშენებლობას უკვე იწყებს და ინვესტიციების განახორციელებით არის დაინტერესებული.
„ვიმედოვნებ ნორვეგიული კომპანიები საქართველოში ჩამოვლენ, ჩაატარებენ კვლევებს და საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სფეროში მათი მხრიდან საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვნახავთ“ - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრი ნორვეგიაში ენერგოკონფერენციასაც დაესწრო. მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგორესურსებსა და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.
კონფერენციის შემდეგ გილაური ერთ-ერთ ნორვეგიულ კომპანიაში ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიულ ტექნოლოგიებს გაეცნო.
პრემიერის შეხვედრა ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტთანაც იგეგმება. ოსლოში ვიზიტის ფარგლებში ის ნორვეგიის პრინცს, სამეფო ტახტის მემკვიდრე ჰააკონ მაგნუსს და ნორვეგიაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქის, თამთა ლიპარტელიანის მამას ავთანდილ ლიპარტელიანსაც შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ პრემიერის პრესსმასახურში განუცხადეს, გილაური ოსლოში 10 მაისს გაემგზავრა და საქართველოში ხვალ გამთენიისას დაბრუნდება.

















