თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორის, „ღვინის კლუბის“ ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას
თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი მიიღებს. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოჯახური ღვინოები იქნება წარმოდგენილი.
საუკეთესო ოჯახური ღვინოები „ღვინის კლუბმა“ დეგუსტაციის წესით შეარჩია. მსხვილი კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახები ფესტივალზე ცნობილი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ.
როგორც „ღვინის კლუბში“ აღნიშნავენ, ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ უცხოელ ტურისტებსა და ღვინის სპეციალისტებს უმასპინძლა.
ორგანიზატორების თქმით, ჯიშური მრავალფეროვნების გარდა, წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვით იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში ჭურის მოხდა და ჭაშნიკი იქნება.
ახალი ღვინის ფესტივალი მაისის ყოველ მეორე შაბათს, თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება.

















