იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი სესხების გამცემ ორგანიზაციებზე კონტროლის დაწესებას მომხმარებლების უფლებების დაცვას უკავშირებს.
კომიტეტმა დღეს „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა. ახალი კანონპროექტის თანახმად, ეროვნული ბანკი იმ საფინანსო ორგანიზაციების კონტროლს განახორციელებს, რომლებიც 400-ზე მეტი ფიზიკური პირისგან იზიდავენ ფულს და სესხებს გასცემენ.
კომიტეტის სხდომაზე პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორში ისეთი პროცესები უნდა გამოირიცხოს, რაც 90-იან წლებში იყო. მან მაგალითად კომერციული ბანკი “აჩი” გაიხსენა, რომლემაც ფიზიკური პირებისგან საკმაოდ დიდი თანხა მოიზიდა, შემდეგ კი - მისი ხელმღვანელობა გაიქცა.
კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ მსგავსი მოვლენები არ არის გამორიცხული მითუმეტეს მაშინ, რომ უკვე გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს არარეალურ 36%-იან ანაბარს სთავაზობენ. მისივე თქმით, ასეთი ორგანზიაციების კონტროლი ეროვნულ ბანკს უნდა შეეძლოს და მოსახლეობა რისკებისგან იქნეს დაცული.
კანონპროექტს მხარს “ქრისტიან-დემოკრატებიც“ უჭერენ. ვიცე–სპიკერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, რისკები იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა, კანონპროექტით შემოღებული რეგულაციები მათი თავიდან აცილებისთვის საკმარისიც კი არ იყოს.

















