საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში ძველი უბნის რაბათის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალციხე საქართველოში მთავარი ტურისტული ცენტრი იქნება და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ევროპაში კონკურენტი არ ეყოლება.
პრეზიდენტის განცხადებით, მოსახლეობას აღნიშნული პროექტით, სიღარიბის დაძლევის პერსპექტივა გაუჩნდება.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ თუ რა მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება. ყველაზე ღარიბი ხალხი ცხოვრობდა აქ. ეს არის ამ ხალხის ამოყვანა სიღარიბიდან. მართალია სიღარიბის ბოლომდე აღმოფხვრას 5-დან 10-წლამდე დასჭირდება, მაგრამ აქამდე მათ სხვა პერსპექტივა არ ჰქონდათ“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ახალციხეში ძველ უბანს - რაბათს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, კეთდება მინარეთი, მედრესე, ისტორიული ციხესიმაგრე პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს, ციხის გარშემო 2 მეტრის სიმაღლის გალავანი აღიმართება. ასევე დაგეგმილია ამფითეატრის მშენებლობა, ქორწინების სასახლისა და „სიყვარულის ხეივანი“-ს მოწყობა; აშენდება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო.

















