კომპანია „ნატახტარმა“ რუსეთში უკვე 600 ათას ლიტრზე მეტი ლიმონათის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე
ნიკოლაიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკოლაიშვილის თქმით, ვინაიდან რუსეთის ბაზარი საკმაოდ დიდია, „ნატახტარის“ გაყიდვები დღითიდღე იზრდება.
კომპანიის წარმომამდგენლის განცხადებით, რუსულ ბაზარზე ექსპორტში მათ არავითარი პრობლემები არ შექმნიათ და ყველაფერი ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.
„არსებობს კონკრეტული გარანტიები: მეორე მხარისთვის - საქონლის ხარისხთან, ჩვენთვის - ანაზღაურებასთან დაკავშირებით“-აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, „ნატახტარის“ ლიმონათის ინტენსიური ექსპორტი უკვე 19 ქვეყანაში, მათ შორის, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ხორციელდება, რასაც ხელს ქართული ლიმონათის ცნობადობა უწყობს.
რაც შეეხება ლუდის ექსპორტს, კომპანიის მარკეტინგის დირექტორის თქმით, ყველაზე კარგად „ნატახტარის“ ლუდი აზერბაიჯანში იყიდება.
ნიკოლაიშვილი იმედოვნებს, რომ წელს აზერბაიჯანში რეალიზაცია გაორმაგდება. „ნატახტარის“ ლუდი შედარებით მცირე მოცულობით უკრაინაშიც გადის.
ემბარგოს შემდეგ კომპანია „ნატახტარმა“ ლიმონათის ექსპორტი რუსეთში 2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

















