ყვავილების მწარმოებელმა კომპანია „გრატომ“ („ვანის სათბურები“) ასტანაში გამართულ ყვავილების საერთაშორისო გამოფენაში - AstanaFlorExpo-2012 მიიღო მონაწილოება.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა კონტაქტი საერთაშორისო მოვაჭრეებთან დაამყარეს და „გრატო“ ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს ორ უცხოურ კომპანიასთან უკვე აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ყვავილების 100%-ის იმპორტს ახორციელებს. შესაბამისად, ის ქართული კომპანიებისთვის საინტერესო და ახალი ბაზარია.
როგორც საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში აღნიშნავენ, კომპანია ”გრატო” წარმატებით საქმიანობს. მან დაარსებიდან მოკლე ვადაში საქართველოში ჰოლანდიური დეკორატიული მცენარეების იმპორტის 60%-ით ჩანაცვლება შეძლო. კომპანიამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ბულვარის განაშენიანების ტენდერიც მოიგო.

















