ბანკი „ქართუ“ ხელისუფლებისგან შემოდგომაზე გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიყენებული
ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯავახიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, გასული წლის ოქტომბერში სააღსრულებლო და საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გაუქმდა.
მისი განმარტებით, კანონმდებლობაში შემოდგომაზე შესული ცვლილებების მიზანი ბანკი „ქართუსთვის“ ზიანის მიყენება იყო, რაც შემდეგ ამ ცვლილებების გაუქმებამაც დაადასტურა.
„მიზანი მხოლოდ ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართუზე“ პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის განხორციელება იყო, რაც ხელისუფლების ყველა შტომ, ეროვნული ბანკის აქტიური მონაწილეობით და საბანკო სექტორისა და ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უტყვი თანხმობით, წარმატებით შეასრულა“ - განაცხადა მან.
ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად, ბანკ „ქართუში“ დაგირავებული 190 მლნ ლარის ქონების ექსპროპრიაცია მოხდა, რამაც მას 125 მლნ ლარის პირდაპირი ზარალი მიაყენა.
ბანკი მოითხოვს, ცვლილების გაუქმების შემდეგ, კანონს უკუქმედების ძალა მიენიჭოს და მას მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეს.
„მივმართავთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას - თუ საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმება ოქტომბერში დაშვებული შეცდომის აღიარება და მისი გამოსწორების მცდელობაა, აღადგინეთ სამართლიანობა და დაგვიბრუნეთ უკანონოდ და დანაშაულებრივი სქემებით ჩამორთმეული ქონება ან აგვინაზღაურეთ მიყენებული ზარალი“ - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
გენერალურმა დირექტორმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლობებსაც მიმართა და მათ ხელისუფლების ქმედებების პრინციპული შეფასება სთხოვა.
2011 წლის ოქტომბერში სააღსრულებლო და საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა. ბანკში იპოთეკა-გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციისას ვალის გასტუმრების რიგითობა შეიცვალა. პირველ რიგში, უნდა გასტუმრებულიყო საგადასახადო ორგანოს დავალიანება, შემდეგ კი - ბანკის. მიმდინარე წლის გაზაფხულზე პარლამეტის გადაწყვეტილებით აღნიშნული ცვლილება ძველ რედაქციას დაუბრუნდა და პირველი რიგის იპოთეკარი კვლავ კომერციული ბანკი გახდა.

















