საქართველოს ეროვნული ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2012“ მიმდინარე წლის 11 მაისს გაიმართება. ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა.
ბაინდურაშვილის თქმით, გამარჯვებულები 18 ნომინაციაში დასახელდებიან - წლის აღმოჩენა, წლის ტურისტული კომპანია, წლის ახალგაზრდა ბიზნესმენი, წლის უცხოელი ინვესტორი, წლის ქართველი ინვესტორი და სხვა.
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, ობიექტურობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად ნომინანტების შეფასების პროცესში გავლენიანი ამერიკული გამომცემლობა ”Forbes”-ის და ”ბი სი ჯი”-ს კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
„ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც თითქმის ყველა კომპანია მონაწილეობს“-აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
მისივე თქმით, საკუთარი კანდიდატურის წარდგენა ნებისმიერ ბიზნესკომპანიას რამდენიმე ნომინაციაში შეეძლო, ამისთვის, მას დაჯილდოების სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდზე www.mercuryaward.ge უნდა შეევსო. აპლიკაციების შევსების ვადა უკვე ამოწურულია.
„მერკური 2012“-ზე წარდგენილი ნომინანტების შეფასების პროცესი 24 მარტიდან 24 აპრილამდე მიმდინარეობდა. გამარჯვებულები 11 მაისს დასახელდებიან.
”მერკური 2012“-ის ორგანიზატორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და კომპანია „კაუკასუს ონლაინი“ არიან.
ბიზნესდაჯილდოება „მერკური“ უკვე მეორედ იმართება.

















