მედიკამენტების სიიაფის მხრივ, აფთიაქებში „ფარმადეპო“ ლიდერობს.
ასეთი დასკვნა „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ აფთიაქების ბაზრის კვლევის შედეგად დაიდო.
კვლევის ავტორთა განცხადებით, კვლევის მიზანი საქართველოს ბაზარზე მოქმედ აფთიაქებს შორის ერთიდაიგივე წამალზე დადგენილი ფასების შედარებითი ანალიზი იყო.
მათივე თქმით, კვლევის საფუძველზე „ყველაზე იაფიანი“ და „ყველაზე ძვირიანი“ აფთიაქები დადგინდა.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ გამოსაკვლევად „ავერსი“, „PSP“, „GPC“, „City Pharma“, „ფარმაცენტრი“, „ფარმადეპო“, „ნეოფარმი“, „36,6“, სახალხო აფთიაქი“ და „ფარმაგიდი“ შეარჩია.
„ყველაზე იაფიანი” აფთიაქების რეიტინგში პირველი ადგილი „ფარმადეპომ” დაიკავა, მეორე ადგილზე „PSP” დასახელდა, ხოლო მესამე ადგილი „სახალხო აფთიაქმა”, „ფარმაცენტრმა” და ”ავერსმა” გადაინაწილეს.
„ყველაზე ძვირიან” აფთიაქებად კი ”36,6”, “ნეოფარმი” და ”ფარმაგიდი” დასახელდა.
„თუ „ყველაზე იაფიან“ აფთიაქებში ოჯახი ჩვენს მიერ შერჩეულ ხშირად მოხმარებული წამლების პაკეტს შეიძენს, იმავე წამლების შეძენა „ყველაზე ძვირიან“ აფთიაქში მას, საშუალოდ, 62%-ით ძვირი დაუჯდება“ - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევართა ჯგუფი ბაზრის კვლევას სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. მისი საქმიანობის მთავარ სფეროს მაკრო–მიკრო ეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ანალიზი, ბაზრების კვლევა, პროგნოზირება, ტენდენციები და რეკომენდაციები წარმოადგენს.

















