საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამომავლოდ საქართველოს საგრეო ვალი კიდევ უფრო შემცირდება.
როგორც დღეს მან ქუთაისში, ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის განახლებული შენობის გახსნისას განაცხადა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საქართველოს დღეს გაცილებით ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე შევარდნაძის დროს ჰქონდა.
სააკაშვილის თქმით, მას წინა მთავრობისგან მემკვიდრეობით ვალები ერგო - ისინი ვალებს იღებდნენ, თუმცა, ყველაფერი სახლში მიჰქონდათ.
„მომავალში ჩვენ კიდევ უფრო ნაკლები ვალი გვექნება, რადგან ყველაფერს განვითარებაში, ახალ შემოსავალში და პროგრესში ვდებთ. ვამაყობ, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრა და ეფექტური მმართველობაა.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისი ვითარდება და მასში ბევრი პროექტი ხორციელდება, თუმცა, ქალაქის უმუშევრობის დონე ისევ მაღალია.

















