ქართული ბიზნესისთვის 2011 წელს ყველაზე დიდი პრობლემა საწარმოო ბუნებრივი დანაკარგები იყო.
აღნიშნული განცხადება ბიზნესომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, კომპანიებს საწარმოო ბუნებრივი დანაკარგები რეალიზებულ პროდუქციაში 100%-ით ეთვლებოდათ და შესაბამისად, გადასახადები საწარმოო დანაკარგებზეც ერიცხებოდათ.
პერტაიას ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც დანაკარგების ნორმები განისაზღვრა.
ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, ამ ნორმების დადგენა შემოსავლების სამსახურმა თავად დაიწყო და ბიზნესმენს გადასახადს თვითნებურად ვეღარ არიცხავენ. იმ შემთხვევაში, როცა დანაკარგის დადგენა ვერ ხერხდებოდა, შემოსავლების სამსახური იმ ინფორმაციას ითვალისწინებდა, რაც შესაბამის კომპანიას დანაკარგებთან დაკავშირებით ჰქონდა დეკლარირებული.
სხდომაზე ბიზნესომბუდსმენმა პოლიტიკოსებს ბიზნესთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
პერტაიას თქმით, მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ხუთ ბიზნესმენს შეხვდა, საიდანაც ორი დაჯარიმებულია. მისივე თქმით, ეს მთლიანი ბიზნესის დაჯარიმებას არ ნიშნავს, როგორც ამას პოლიტიკოსები აცხადებენ.
ბიზნესომბუდსმენმა დღეს პარლამენტის კომიტეტს 2011 წლის ანგარიში წარუდგინა.

















