გერმანელი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოს სწავლობენ. შეხვედრები გერმანულ და ქართულ კომპანიებს შორის სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს.
როგორც მიუნჰენისა და ზემო ბავარიის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ანტონ კათრაინმა განაცხადა, გერმანელი ბიზნესმენების თბილისში ვიზიტის მიზანი, საქართველოს ბიზნესგარემოს შესწავლა, საქმიანი კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გააქტიურებაა.
მისივე თქმით, თბილისში ჩამოსული არიან, მსოფლიოში ცნობილი კომპანიები ტრანსპორტი-ლოჯისტიკის, მშენებლობა-დაგეგმარების, მანქანათმშენებლობის, აერონავიგაციის, საკომუნიკაციო ინდუსტრიის და სხვა სფეროებიდან.
,,ამ კომპანიებისთვის საქართველო არის ოპტიმალური ქვეყანა. მართალია, ეს პატარა ბაზარია, მაგრამ ყველაზე განვითარებული ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - განაცხადა კათრაინმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ბავარიაში საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი იმყოფებოდა და გერმანელი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოსვლა სწორედ აღნიშნული ვიზიტისას შეთანხმდა.

















