საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ესტონეთის საგზაო დეპარტამენტს შორის უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ესტონეთის სამხრეთ რეგიონის საგზაო დეპარტამენტის უფროსმა ანდრუს პრუკმა შეხვედრაზე მიიღეს.
ნიკოლაიშვილი ესტონელ კოლეგა და ესტონური საგზაო კომპანიების ხელმძღვანელებს დღეს შეხვდა.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბარი ნიკოლაიშვილის უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ესტონური საგზაო კომპანიების ჩართვასაც შეეხო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ესტონელ სტუმრებს საქართველოს საგზაო სფეროში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველი სპეციალისტები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ესტონეთში გადაემზადებიან.
ესტონური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სემინარიც, რომელზეც ესტონელი და ქართველი მეგზევეები ორი ქვეყნის საგზაო ადმინისტრაციაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელებენ.

















