„ღვინის კლუბის“ ინიციატივით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი მიიღებს.
ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოჯახური ღვინოები იქნება წარმოდგენილი. ღვინოები „ღვინის კლუბმა“ დეგუსტაციის წესით შეარჩია.
ფესტივალზე რქაწითელის, საფერავის, ციცქას, ცოლიკოურის, თავკვერის, კრახუნას, ალექსანდრეულისა და სხვა მრავალი იშვიათი ქართული ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები იქნება წარმოდგენილი.
ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად 2010 წელს „ღვინის კლუბის“ ინიციატივით ჩატარდა და მას შემდეგ ტრადიციად დამკვდრდა. ის მაისის ყოველ მეორე შაბათს იმართება.
წელს ახალი ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ჭურის მოხდა და ღვინის ჭაშნიკი იქნება.
ფესტივალი 12 მაისს, თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება.

















