ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ „ღვინისა და ნუგბარის“ მე-15 საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური
სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს.
ევროკავშირის ფართომასშტაბიან გამოფენაში კომპანიები „თბილღვინო“, „სარაჯიშვილი“, „შუმი“, „ხარება“, „ბაგრატიონი“, ,,ჩელთი“, „ვაინმენი“ და „ბესინი“ მონაწილეობდნენ.
ფესტივალის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია-კონკურსიც გაიმართა, სადაც ორ ქართულ კომპანიას ,,ჩელთის“ და ,,ხარებას“ ვერცხლის მედლები გადაეცათ.
„ფესტივალში მონაწილეობა ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მათ ვიზიტის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან საინტერესო შეთანხმებებს მიაღწიეს. მსგავსი აქტივობები ქართული ტრადიციული ღვინის ცნობადობას მნიშვნელოვნად ზრდის და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას ხელს უწყობს “ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ, რომელიც პრაღაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

















