ბათუმში უკონტროლოდ დარჩენილი რადიოაქტიური წყაროების ძიებისა და უსაფრთხოების საკითხებზე სასწავლო კურსი გაიმართება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი დაინტერესებული უწყებების სპეციალისტებისთვის ე.წ. უპატრონო მაიონებელი გამოსხივების წყაროების მოძიებასთან დაკავშირებული ახალი მეთოდებისა და საძიებო-დოზიმეტრიული აპარატურით მუშაობის პრინციპების გაზიარებაა.
სამინისტროს ცნობით, მსგავსი წყაროების მოძიებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა გაძლიერდება. აქცენტი გაკეთდება აჭარაში შესაბამისი რესურსის შექმნაზე, რაც შემდეგ რეგიონში არსებული ყოფილი რუსული სამხედრო ბაზების ტერიტორიების რუტინული გამოკვლევისთვის გამოიყენება.
სასწავლო კურსს ამერიკელი სპეციალიტები გაუძღვებიან. კურსის ფარგლებში დაბა ანასეულში მდებარე ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის ტერიტორიაზე ორდღიანი პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებაა გათვალისწინებული.
გარდა ამისა, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ქართულ მხარეს დოზიმეტრულ აპარატურას გადასცემს, რომელიც სასწავლო კურსში მონაწილე უწყებებს შორის განაწილდება.
პროგრამაში საქართველოს შსს საგანგებო საიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, რადიაციული ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ცენტრის, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სასწავლო კურსი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის გლობალური საფრთხის შემცირების ინიციატივის ეგიდით იმართება და 30 აპრილიდან 4 მაისამდე გაგრძელდება.

















