თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორია უსაფრთხოების სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ასეთია იმ კვლევითი
პროექტის დასკვნა, რომელიც თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულების შედეგად გამოთავისუფლებული მიწის ეკოლოგიური მდგომარეობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესწავლას ითვალისწინებდა.
კვლევა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია COWI–მ ჩაატარა, რომელთანაც ხელშეკრულება ,,საქართველოს რკინიგზამ“ 2011 წლის 7 ივნისს გააფორმა.ხელშეკრულების მიხედვით, კონსულტანტს თბილისის ცენტრში მდებარე 73 ჰექტარი მიწა უნდა შეესწავლა. პროექტის ფარგლებში როგორც მიწა, ასევე მიწისქვეშა წყლები და ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები გამოიკვლიეს.
კვლევის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოსთვის საზიანო მასალები არ აღინიშნება. სუფთაა მიწისქვეშა წყლებიც, მიწა უსაფრთხოების სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს და მომავალი ურბანული განვითარებისთვის მზადაა.
პროექტი ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ორგანიზაციის მიერ დაფინანსდა და ევროპის რეკონსტრუცქცისაა და განვითარების ბანკის შუამდგომლობით განხორციელდა.

















