სოფლის მეურნეობა ის სფეროა, რომელიც საქართველოში ყველაზე წარმატებული უნდა იყოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს პროდუქციის ექსპორტზე გატანის პოტენციალი აქვს.
„ასეთი განლაგების მიწათმოქმედების ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან იშვიათად მოიპოვება. ჩამორჩენილი ვიყავით იმის გამო, რომ საბჭოთა სისტემამ ყველაფერი უკუღმა დაატრიალა. დამოუკიდებლობა მათ შორის იმასაც ნიშნავს, რომ გვქონდეს სოფლის მეურნეობის დამოუკიდებელი დარგი ძალიან წარმატებულ საქართველოში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სამეგრელოსა და ქართლში მიწების დიდი ნაწილი დასამუშვებელია.
„ქვეყანაში ჩნდება ოთხი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურული ქალაქი. თბილისის გარდა ეს არის რა თქმა უნდა ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ლაზიკა, რომელიც მთლიანობაში ერთი დიდი ცენტრი იქნება. ამას თუ სოფლის მეურნეობამ არ გაუმაგრა ზურგი არაფერს აზრი არ აქვს. მათ გარშემო წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მიწაა, რომელიც შესაძლოა არა მარტო ჩვენს გამოსაკვებ წყაროდ, არამედ ექსპორტად ვაქციოთ“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, განახლებული აგრარული უნივერსიტეტის შექმნა დიდი გამოწვევაა.
„მზად ვარ, ხვალვე გავგზავნო 200-300 აგრონომი უცხოეთში სასწავლებლად. ადრე ინგლისური მხოლოდ ათმა კაცმა იცოდა. 2-3 წელიწადში კი, გვეყოლება ასობით აგრონომი, რომელსაც ინგლისური ეცოდინება. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ადამიანები უცხოეთში, ყველგან ყველაფერი ვნახოთ, ვისწავლოთ და ჩვენთან დავნერგოთ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ამისთვის ენისა და ელემენტარული ტექნოლოგიების ცოდნაა საჭირო.
მიხეილ სააკაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. მან დღეს განახლებული ლაბორატორიები დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

















