საწარმოს გაკოტრების შემდეგ, მის ხელმძღვანელს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ახალი ვალდებულება უჩნდება.
შესაბამისი ცვლილება “გადახდისუუნარობის შესახებ კანონში” შედის და მას ახალი
რეგულაცია ემატება. იგი ისეთი საწარმოს გაკოტრებას ეხება, რომელსაც ვალები აქვს გასასტუმრებელი.
პროექტის მიხდევით, მსგავსი გაკოტრებული საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იქნება გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციები.
საწარმოს ხელმძღვანელს მისი თანამდებობა მხოლოდ ვალდებულებების დეკლარირების ნაწილში შეუნარჩუნდება.
იმ შემთხვევაში კი, თუ საწარმოს ხელმძღვანელი საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულებას არ შეასრულებს, დაჯარიმდება, თუმცა, ჯარიმა მას დეკლარირების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
ცვლილება შედის ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და დგინდება, რომ მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა, პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, ამ ქმედების გამეორების შემდეგ კი, 1 500 ლარით.
“გადახდისუუნარობის შესახებ კანონში” ცვლილებების პროექტის განხილვა კომიტეტებს ჯერ არ დაუწყია.

















