საკონიაკე სპირტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლების შედეგად კომპანია „სარაჯიშვილი“ წელიწადში 1-1,5 მლნ
ლარს დაზოგავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურა
ბუბუტეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ბუბუტეიშვილის თქმით, სააქციზო შეღავათების ამოქმედების შემდეგ „სარაჯიშვილი“ არა იმპორტირებულ, არამედ ადგილობრივად წარმოებულ სპირტს შეიძენს. გამოთავისუფლებულ თანხას კი, კომპანია სხვა პროექტებისკენ მიმართავს.
„გადაწყვეტილება დროული იყო და მივესალმებით. ვფიქრობ, კარგ შედეგს მოიტანს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ, ზოგადად, დარგის განვითარებისთვისაც“-აღნიშნა მან.
მთავრობის ინიციატივით, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის სააქციზო შეღავათები წესდება. კერძოდ, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში წარმოებული საკონიაკე სპირტის შეძენისას მასზე აქციზის გადასახადს აღარ გადაიხდიან. აქამდე, ერთ ლიტრ საკონიაკე სპირტზე აქციზის გადასახადი 4.60 ლარი იყო.

















