საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხაშურში მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
პროექტს ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია Inter Glass Georgia ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ ლარია.
ქარხანაში უახლესი ტექნიკა დამონტაჟდება, რაც ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს.
ქარხნის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება და წელიწადში 100 მილიონი მინის ნაწარმის გამოშვებას გეგმავს. საწარმოში 200 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება.
წარმოებული პროდუქციით საქართველოს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ასევე საკონსერვო საწარმოები მომარაგდება.
საწარმოს მესვეურები პროდუქციის ექსპორტსაც გეგმავენ და მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი 10 მილიონი ლარით გაიზრდება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ღონისძიებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესწრებოდა.

















