შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ ე.წ ჩეკების გათამაშების შედეგად, სავაჭრო ობიექტებში ჩეკის არ გამოწერის შემთხვევები 10-15%-მდე შემცირდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განუცხადა.
ებანოიძის განმარტებით, ლატარიის გათამაშებამდე მსგავსი შემთხვევები 20-25 პროცენტი იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„ჩეკების გათამაშებაში მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული. სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად 1,5 მლნ მეტი ჩეკის გადამოწმება ხდება. ვვარაუდობთ, რომ ამ გათამაშების შედეგად, ჩეკის არამორტყმის შემთხვევები 10-15 პროცენტამდე შემცირდება“-აღნიშნა ებანოიძემ.
შემოსავლების სამსახურმა პროექტი „ჩეკების გათამაშება“ 18 აპრილს დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი ნაღდი ფულით შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით, მოქალაქე წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდება.

















