საკონიაკე სპირტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება. აღნიშნული ინიციატივა სოფლის მეუბნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და შემოსავლების
სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ დღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს.
ებანოიძის განმარტებით, საკონიაკე სპირტი აქციზის გადასახადით იმ შემთხვევაში არ დაიბეგრება, როცა საკონიაკე სპირტის მწარმოებელი მას იმ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელს მიაწოდებს, რომელიც აქციზურ პროდუქციას აწარმოებდა.
მისივე თქმით, სააქციზო შეღავათების დაწესების შედეგად, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში წარმოებული საკონიაკე სპირტის შეძენისას, მასზე აქციზის გადასახადს აღარ გადაიხდიან.
ინიციატივა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამაც.
,,ამ ცვლილების შედეგად, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები წარმოებას გაზრდიან, დამატებით საექსპორტო ბაზრებს აითვისებენ და უცხოურ კომპანიებს კონკურენციას გაუწევენ. ამასთან ადგილობრივი წარმოების საკონიაკე სპირტზე მოთხოვნა გაიზრდება. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს“ - განაცხადა მინისტრმა.
აქამდე, საკონიაკე სპირტზე აქციზის გადასახადი ერთ ლიტრზე 4.60 ლარი იყო გადასახდელი.

















