თბილისის შემოსასვლელში, ავჭალაში, რკინიგზის ხაზის სიახლოვეს პირველი თანამედროვე „ლოჯისტიკური ცენტრი“ განთავსდება.
პროექტის პრეზენტაცია დღეს USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) ოფისში გაიმართა.
პროექტის თანახმად, „ლოჯისტიკური ცენტრის“ დაგეგმარება-მენეჯმენტს გერმანული საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია „ტრანსქეარი“ განახორციელებს.
„თბილისის ლოჯისტიკური“ ცენტრი 91,500 კვ.მ ფართობზე განთავსდება. 25 ათას კვ.მ-ზე სასაწყობე მეურნეობა, ინტეგრირებული ორსართულიანი საოფისე ინფრასტრუქტურა და სარკინიგზო საკონტეინერო ტერმინალი აშენდება. ცენტრში საკონტეინერო დეპო და სატვირთო მანქანებისთვის სპეციალური ადგილი მოეწყობა.
თბილისის „ლოჯისტიკური ცენტრი“ ექსპლუატაციაში 2013 შევა.
„ვითანამშრომლებთ, როგორც კერძო ისე სამთავრობო სექტორთან, რათა ეკონომიკური საკითხები წამოვწიოთ წინ. ლოჯისტიკა ამ საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც საქართველოს სწრაფი წინსვლის უზრუნველყოფა შეუძლია“-განაცხადა USAID-ის წარმომადგენელმა თინა მენდელსონმა.
მისი თქმით, ქვეყანაში თანამედროვე ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითრება საერთაშორისო სატრანსპორტო და მსხვილი კომპანიების შემოსვლას შეუწყობს ხელს და საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის ბიზნეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება.

















