საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში დღეს, მთავრობის კანცელარიაში 9.73 მლნ ევროს გამოყოფაზე საფინანსო შეთანხმება გაფორმდა.
საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მოაწერა ხელი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.
შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში გაფორმდა. აღნიშნული თანხა საჯარო უწყებათა მოდერნიზაციას და ინფრასტრუქტურის განვითარება-განახლებას მოხმარდება.
„ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნისთვის 2011-2013 წლებში 30 მლნ ევრო გამოყო. დღეს ამ თანხის ნაწილის შესახებ გაფორმდა შეთანხმება. ეს დახმარება იმ სისტემების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისთვის არის საჭირო“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
როგორც ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის დახმარებას ინსტიტუციონალური განვითარების საკითხში აქტიურად იყენებს.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის თანხა ოთხ ძირითად მიმართულებას მოხმარდება ესენია - სახალხო დამცველის აპარატი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სურსათის უვნებლობის სამსახური და სამოქალაქო რეესტრი.
„ეს ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სამოქალაქო რეესტრს დაეთმობა. მიხარია, რომ დროულად ვახორციელებთ ამ პროგრამებს, რათა საქართველოში დემოკრატული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გარანტირებული იყოს“- განაცხადა დიმიტროვმა.

















