"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპის 21 ქვეყნიდან, პრემიუმ კლასის საწვავი ყველაზე ძვირი ნორვეგიაშია.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კვლევის შედეგებით, ნორვეგიაში 1 ლიტრი საწვავი 3.97 ლარის ეკვივალენტია.
მაღალი ფასების სამეულში ფიქსირდება იტალია, სადაც 1 ლიტრი პრემიუმი 3.91 ლარის ეკვივალენტი ღირს და დანია, სადაც ბენზინის ღირებულება 3.78 ლარს შეადგენს.
ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, 1 ლიტრი პრემიუმის ფასი 3.40 ლარზე ქვემოთ არ ფიქსირდება. თუმცა, აღნიშნული კლასის საწვავი ყველაზე დაბალ ფასში ესპანეთში იყიდება. მისი ღირებულება 2.95 ლარის ეკვივალენტია.
საქართველოში პრემიუმის კლასის ბენზინის ფასი საშუალოდ 2.40 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 45 თეთრით ნაკლებია ევროპის ყველაზე იაფ -ესპანეთის მაჩვენებელზე. ეს ციფრი ასევე, 1 ლარით ნაკლებია ევროპის უმრავლესი ქვეყნის მაჩვენებელზე.
ევროპის 21 ქვეყნის ანალიზის მიხედვით, დიზელზე ყველაზე მაღალი ფასი ნორვეგიაში ფიქსირდება. მისი ღირებულება 4.27 ლარის ექვივალენტით განისაზღვრება. შემდგომ მოდის დიდი ბრიტანეთი, სადაც ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 3.82 ლარი ღირს. სამეულს ასრულებს იტალია, სადაც დიზელის საწვავის ფასი 3.72 ლარით განისაზღვრება.
საქართველოში ევრო დიზელის საშუალო ფასი 2.35 ლარია. ეს მაჩვენებელი 40 თეთრით ნაკლებია ევროპის ყველაზე იაფი ქვეყნის ლუქსემბურგის მაჩვენებელზე. ევროპის 21 ქვეყნის საშუალო ღირებულებასთან შედარებით, საქართველოში დიზელის საწვავი 91 თეთრით იაფია.
"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ წარმოდგენილი კვლევის ანგარიში, ევროპის ქვეყნებსა და საქართელოში საწვავის ფასების შედარებით ანალიზს მოიცავს.
კვლევის ფარგლებში, საქართველოს გარდა ევროპის 21 ქვეყნის ბაზარზე არსებული ვითარება შეისწავლეს.
კვლევა 2012 წლის 19-22 აპრილს ჩატარდა, რომლის დროსაც 21 ქვეყნის ბაზარზე არსებული ორი კატეგორიის საწვავის - პრემიუმისა და ევრო დიზელის ფასები გამოიკვლიეს.

















