ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ბიზნესმენმა ბათუმი ცოტა ხნის წინ დატოვა.
დონალდ ტრამპი საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ის საქართველოში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ტრამპს თბილისის სართაშორისო აეროპორტში გუშინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი დახვდნენ.
გუშინდელი დღე ბიზნესმენმა თბილისში გაატარა. ის დედაქალაქის მერს გიგი უგულავას შეხვდა, შემდეგ კი, თბილისი დაათვალიერა. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გამართა, რომელმაც იგი ბრწყინვალების ორდენოთ დააჯილდოვა. საღამოს კი, ბიზნსმენი მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბათუმში გაემგზავრა.
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პრეზენტაცია დღეს ჩატარდა. ცერემონიას ტრამპი საქართველოს პრეზენტთან ერთად დაესწრო.
„ტრამპ თაუერის“ მშენებლობა ბათუმის სანაპიროს განვითარების ახალი გეგმის ნაწილია. ტერიტორია, რომელმაც განახლებული სახე უნდა მიიღოს, 160 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
47-სართულიან შენობაში ბიზნესცენტრი, სპა და ფიტნეს კლუბები, ლაუნჯბარები და საცხოვრებელი ბინები განთავსდება, რომელთა ფართი 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე იქნება.
"ტრამპ თაუერის" მშენებლობაში საქართველოში ტრამპის პარტნიორი კომპანიის "სილქ როუდ ჯგუფის" ინვესტიცია ჩაიდება.
ცათამბჯენის არქიტექტურა იმავე ამერიკელ სპეციალისტს ჯონ ფორტიადისს ეკუთვნის, რომელმაც განახლებული წინანდლის პროექტი შეიმუშავა.
ტრამპის ორგანიზაციასა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, 2011 წელს გაფორმდა.
დონალდ ტრამპის კერძო ინვესტიცია პირველ ეტაპზე 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა და ის ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობა თავდაპირველად ბათუმში დაიწყება. „ტრამპ თაუერის“ მშენებელობა ბათუმში 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

















