სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სომხური სავაჭრო-სამრეწველო პროდუქციის გამოფენა „BRIDGE EXSPO“ მიმდინარეობს.
გამოფენა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ კობახიძემ და სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რობერტ ჰარუტინიანმა გახსნეს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოფენა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმია მიძღვნილი და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, აქ წარმოდგენილი კომპანიების დიდი ნაწილი ქართულ ბაზარზე უკვე მუშაობს, ვინაიდან საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა შექმნილი, სადაც მათ ბიზნესის თავისუფლად წარმოება შეუძლიათ.
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ სომეხ კოლეგებთან საქართველოს საინვესტიციო სააგენტოსა და მათი განვითარების სააგენტოს შორის კონტაქტების დამყარებისთვის, რათა ხელი შევუწყოთ სავაჭრო ურთიერთობის გამყარებას. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად იზრდება. შარშან საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს სომხეთთან. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ტიპის ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის დაახლოებას და ბიზნესკონტაქტების დამყარებას“ - განაცხადა კობახიძემ.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, საქართველო სომხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
რობერტ ჰარუტინიანის თქმით, საქართველოში ბიზნესის განვითარებისთის ხელსაყრელი გარემოა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
„BRIDGE EXSPO“-ზე 40-მდე სომხური კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც ისეთ სექტორებში მუშაობენ, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ქიმიური მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფარმაცია, მშენებლობა საიუვილერო ნაწარმი, სამკერვალო ინდუსტრია და ტურიზმი.
მსგავსი გამოფენის გამართვას ქართული მხარე სამომავლოდ სომხეთშიც გეგმავს.

















