ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი თბილისში რამდენიმე საათში იქნება.
ტრამპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და კომპანია „სილქროუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი დახვდებიან.
ამერიკელი მილიარდერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოდის.
დღევანდელ დღეს ტრამპი თბილისში გაატარებს. ის თბილისის ძველ უბნებს დაათვალიერებს. საღამოს დაგეგმილია ვახშამი და საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ტრამპი იმ პროექტებს განიხილავს, რომელიც ერთი წლის წინ აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდა.
მოგვიანებით ამერიკელი ბიზნესმენი ბათუმში გაემგზავრება. ხვალ ის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება.

















