არაყზე აქციზის განაკვეთის ზრდა არყის მწარმოებელ კომპანიებს მომხმარებლების მნიშვნელოვან ნაწილს დააკარგვინებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ექსპერტმა
ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, „საგადასახადო კოდექსში“ არაყის აქციზის გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.
„ამის უკან არაფერი დგას გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტში მეტი შემოსავალი მიიღოს“ - განაცხადა მან.
ექსპერტის თქმით, 3-დან 5 ლარამდე აქციზის განაკვეთის ზრდა პროდუქტს ორ ლარზე მეტი თანხით გააძვირებს. არყის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიები ძირითადად საშუალო შემოსავლიან მყიდველზე არიან ორიენტირებული, შესაბამისად, არყის გაძვირება მათ კლიენტების დიდ ნაწილს დააკარგვინებს.
„ეს კი იმპრტიორი კომპანიების წისქვილზე უფრო დაასხამს წყალს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლების“ - განაცხადა ნარმანიამ.
არაყზე აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ცვლილება “საგადასახადო კოდექსში” შედის. საგადასახადო კოდექსის დღემდე მოქმედი რედაქციით, არაყზე აქციზის განაკვეთი 3 ლარია, სამომავლოდ, კი შესაძლოა, 5 ლარამდე მოიმატოს. კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა. პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.

















