გადახდისუუნარო საწარმო, კრედიტორთა წინაშე დავალიანების მიუხედავად ლიკვიდაციას დაექვემდებარება.
კანონს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ ახალი მუხლი ემატება.
ამ მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ განცხადების შეტანის დროისთვის მოვალეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო ხარჯების დასაფარად საკმარისი ქონება არ გააჩნია, მაშინ სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტან პირს წარმოებაში მის მიღებაზე უარს ეტყვის და საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი, საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდება და ის 30 კალენდარული დღის ვადაში მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება.
კანონპროექტის ავტორი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ თუ საწარმოს გაკოტრებისთვის საჭირო ხარჯებისთვის თანხა არ გააჩნია, ის ვერც კრედიტორებს დააკმაყოფილებს.
„იქმნება სიტუაცია, როცა ერთი მხრივ, არის საწარმო რომლის არსებობას არც იურიდიული და არც ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია და მეორე მხრივ, არ არსებობს ამ საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი გზა. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ამ პრობლემების მოგვარების სამართლებრივი საშუალებაა, რაც აღმოფხვრის არსებულ იმ სამართლებრივ ჩიხს, რომელშიც სამეწარმეო სუბიექტი ხვდება“ - განაცხადეს კანონპროექტის ავტორებმა.
აღნიშნული ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები – კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე არიან.

















