ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან დღეს საჯარო დისკუსია გამართა.
სახელწოდებით -„ვისაუბროთ ეკონომიკაზე“ დისკუსიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მთავრობის ის ინიციატივები იყო, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნების უმთავრესი მიზანია - დასაქმება და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, უზრუნველყოფა იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის დადებითი შედეგები თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ოჯახის მაგალითზე იგრძნოს.
„სტუდენტებს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია იმ ეკონომიკურ, ფისკალურ, ფინანსურ ტენდენციებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. გავეცანი მათ მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ჩვენს ძირითად ამოცანას - ესაა დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“ - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების კვალიფიკაციას და მათ კონკურენტუნარიანობას, რადგან განათლების მაღალი დონე, პირდაპირ უკავშირდება დასაქმების ხელშეწყობას ქვეყანაში.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების, ასევე მიღწევების თაობაზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, სტუდენტებს საშუალებას აძლევს კარიერის დაგეგმვის პროცესში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ .

















