გლეხებს მიწის პრივატიზაციის პროცესში ხელისუფლების მხრიდან ხელოვნური ბარიერები ექმნებათ. ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსახლეობის ინფორმირება ხელისუფლების ინტერესში არ არის და ყოველივე ამის უკან ის ადამიანები დგანან, ვინც დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო მიწებს იგდებს ხელში.
ნაჭყებია განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის პრივატიზების პროცესი გამჭვირვალედ არ ხდება და აუქციონი ელქტრონული ფორმით ტარდება.
მისივე თქმით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება.
„სწორედ ამიტომ ხდება ის ფაქტები, რასაც ცოტა ხნის წინ გარდაბნის, მარნეულის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, გლეხებმა მიწის გაყიდვის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ახალმა მფლობელმა მათ ამ მიწებით სარგებლობა აუკრძალა“ - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, ამავე დროს ძალიან მცირეა ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც გლეხს აუქციონზე შეძენილი მიწის საფასურის დაფარვას სთხოვენ.
„მოვუწოდებთ ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს წლის ბოლომდე გადაავადოს პრივატიზების თანხის გადახდის ვალდებულება და გლეხებს საშუალება მიეცეთ თანხა მოსავლის რეალიზაციის შემდეგ გადაიხადონ“ - განაცხადა ნაჭყებიამ.
„ახალი მემარჯვენეები“ ასევე, მოუწოდებენ ეკონომიკის სამინისტროს მიიღოს დამატებითი ზომები მიწის პრივატიზაციისას გლეხების ინფორმირებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში გლეხები ვერ იგებენ, რომ აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს.

















