საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აპრილის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ საქსტატიდან აცნობეს, სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები 10-დან 20 აპრილის ჩათვლით ტარდება.
კვლევის მიზანი 2012 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა. ფასებზე დაკვირვება, ფასების 18 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება.
ფასები 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე შეგროვდება.
აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 მაისს გამოქვეყნდება.

















