„უეფა ევროს“ ოფიციალური ლუდი „კარლსბერგი“ საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივართათვის აქციას იწყებს.
აქციის ფარგლებში, რომელიც უკვე დაიწყო, „კარლსბერგი“ პოლონეთში ჩემპიონატის მატჩზე დასასწრებ 3 საგზურს და „ევრო 2012“-ის გარანტირებულ ტიტულიან პრიზებს გაათამაშებს.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც გუშინდელი დღიდან 1 ივლისის ჩათვლით, სპეციალურ პრომო-შეფუთვაში დაფასოებულ ლუდ „კარლსბერგს“ შეიძენს, შეაგროვებს მის თავსახურებს და შემდეგ მათ სხვადასხვა საჩუქარში გადაცვლის.
„სპეციალური შეფუთვის ლუდის თავსახურის, ან რკინის ქილის გასაღების შეგროვებით გულშემატკივარს არაერთი ტიტულიანი სამახსოვრო პრიზი შეუძლია მიიღოს. 60 თავსახურის შეგროვებით - მოდური საათი, 40 თავსახურის შეგროვებით - სპორტული ქურთუკი, 25 თავსახურის შეგროვებით სპორტული ჩანთა, ხოლო გულშემატკივრის მაისურის მიღება 10 თავსახურის შეგრვებით იქნება შესაძლებელი“ - აცხადებს „კარლსბერგის“ საერთაშორისო მარკეტინგის დირექტორი კელდ სტრუდალი.
რაც შეეხება მატჩზე დასასწრები საგზურების მოპოვებას, ამისთვის გულშემატკივარი სახალისო აქცია „პირობას ვდებ“-ში (I SWEAR) უნდა ჩაერთოს.
„აქცია „პირობას ვდებ“ სახალისო კონკურსია, Facebook.com/Carlsberg Georgia-ზე ორ ნაწილად წარიმართება. ყველა გულშემატკივარს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, ამ გვერდზე შეუძლია დაწეროს თუ რის გასაკეთებლადაა მზად, რომ მატჩზე დასასწრები საგზური მიიღოს. მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, რომლებიც ყველაზე მეტ „ლაიკს“ მიიღებენ. ფინალისტებმა უნდა ატვირთონ ვიდეოჩანაწერი, სადაც წერილობით დადებულ პირობას დაადასტურებენ. ვიდეოს ასატვირთად კი გულშემატკივარმა 10 ლუდის თავსახურის ქვეშ მოცემული კოდი უნდა შეიყვანოს. საბოლოო გამარჯვებულებს კი, რომლებიც მატჩზე გაემგზავრებიან ჟიური და „ლაიკები“ გამოავლენს.

















