მატარებელში წესების დარღვევისთვის 40 ლარიანი ჯარიმა დაწესდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.
კანონის მოქმედი რედაქციით, სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, ვაგონის საფეხურებსა და სახურავზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება, შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმდება.
ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, აღნიშნული ქმედებების გამო, მოქალაქე 40 ლარით დაჯარიმდება.
რაც შეეხება მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან და კარიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრას, აქამდე გაფრთხილებას ან შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებას იწვევდა,
ახალი კანონპროექტით კი, ასეთი ქმედება გაფრთხილებას ან 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
20 ლარიანი ჯარიმა ან გაფრთხილება ელით იმ პირებსაც, ვინც ვაგონში ნებადაურთველ ადგილებში სიგარეტს მოწევს.
ახალი კანონპროექტის ავტორი შპს "საქართველოს რკინიგზაა", ინიციატორი კი, მთავრობა.

















