მიმდინარე კვირაში პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ინფორმაციას მოისმენს.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7%–ით გაიზარდა. ნომინალურ გამოხატულებაში მშპ–მ 24.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 3,5 მილიარდით მეტია.
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის შეფასებით, გასული წელი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდა და შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი, ასევე შემცირდა სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან.
სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა სახსრებმა 7 437, 0 მლნ ლარი, მათ შორის საგადასახადო შემოსავლებმა 5 802,0 მლნ ლარი შეადგინა.

















