ბანკი „რესპუბლიკა“ მიკრო და მცირე ბიზნესკრედიტების მიზნით დღეიდან აქციას იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის მაქსიმალურად მოკლე დროში კრედიტის მიღებისთვის, ბანკი „რესპუბლიკის“ მობილური სერვისცენტრები სწორედ იმ ადგილებში განთავსდებიან, სადაც ისინი საქმიანობენ.
მათი ინფორმაციით, მსგავსი აქციით დაინტერესებული პირები, ბიზნესკონსულტანტთან გასაუბრების და მარტივი საკრედიტო განაცხადის შევსების შემდეგ, 1 დღეში შეძლებენ ბიზნესკრედიტის მიღებას. სესხი 3%-ით უფრო იაფად გაიცემა.
„მობილური სერვისცენტრების მოსახერხებელი ადგილმდებარეობა ბანკ “რესპუბლიკის” ბიზნესკონსულტანტებს კლიენტის საქმიანობის ადგილის სწრაფად დათვალიერებისა და შეფასების საშუალებასაც მისცემს“- აცხადებენ ბანკ „რესპუბლიკაში“
„რესპუბლიკის“ აქცია დღეს, თბილისში სავაჭრო ცენტრებისა და სატრანსპორტო კვანძების ტერიტორიებზე განთავსებული მობილური სერვისცენტრებით გაიხსნება. შემდეგ კი, საქართველოს სხვა ქალაქებში – რუსთავში, თელავში, ყვარელში, წნორში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
დაინტერესებულ პირებს, ვისაც მობილურ სერვისცენტრებში მომსახურების მიღების საშუალება არ ექნება, შეუძლია ბანკ “რესპუბლიკის” ნებისმიერ ფილიალს ეწვიოს, აქციის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს და სხვა დამატებითი უპირატესობებითაც ისარგებლოს.

















