საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ხვალ საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების პირველი საერთაშორისო და მე-14 ტურისტული გამოფენა გაიხსნება.
როგორც "ნიუსპრესს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრებიან.
გამოფენაზე 45 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 90 ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები.
ტუროპერატორები მრავალფეროვან მომსახურებას, მათ შორის, კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურების, ასევე, ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ.
გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სანატორიუმების, პანსიონატების, დასასვენებელი სახლებისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრების შესახებ ინფორმაციასაც წარმოადგენენ.
ღონისძიებაში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, უცხოური კომპანიები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ტაილანდიდან მიიღებენ მონაწილეობას.

















