კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" 5 200 მოქალაქეა დასაქმებული.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანიიდან აცნობეს, "ენერგო-პროს" ფილიალები და მომსახურების ცენტრები
რეგიონებშიც აქვს, შესაბამისად, დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.
მათი ინფორმაციით, კომპანიაში ყველაზე დიდი მოთხოვნა სტაჟირების კუთხით, ტექნიკურ დეპარტამენტში ტექნიკოს–ელექტრიკოსების პოზიციაზეა.
"ენერგო-პრო ჯოარჯია" ახალგაზრდების წახალისებისა და მათი პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ენერგეტიკული და ტრანსპორტის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტები კომპანიაში უფასო სტაჟირებას გადიან.
კომპანიის ცნობით, პერსონალის გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, "ენერგო–პრო ჯორჯია" ტექნიკური უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრთანაც თანამშრომლობს, რომელიც სხვადასხვა ტიპის შიდა ტრენინგების, სწავლებების და სემინარების მოწყობას უწევს ორგანიზებას.
სააქციო საზოგადოება "ენერგო-პრო" 1994 წელს, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაარსდა. ის კერძო პირების მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ელექტროგენერაციის სფეროში მუშაობს.

















