"ოქროს ბრენდის" რიგით მეშვიდე დაჯილდოებაზე 2011 წლის საუკეთესო კომპანიები 27 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
"რჩეული ბრენდი ავიაკომპანიის" კატეგორიაში გამარჯვებული "აირზენა" გახდა, ავტოპროდუქტებისა და სერვისის ნომინაციაში პრიზი "თეგეტა მოტორსმა" მიიღო, მინერალური წყლის კატეგორიაში კი - "ნაბეღლავი" დასახელდა. რჩეულ ბრენდებს შორის არიან "ბარამბო", "ანტრე", "მარნეულის სასურსათო ქარხანა", "კულა" და სხვა.
წლევანდელ დაჯილდოებას 100-მდე წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ღონისძიება სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. "ოქროს ბრენდის" დაჯილდოების ორგანიზატორები კომპანია "გლობალ აიდეა" და გაზეთი "ფაინენშალი" არიან. მას მხარს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აშშ-ს სავაჭრო პალატა უჭერენ.
სავაჭრო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, გამარჯვება კომპანიებს საკუთარი ბრენდის განვითარების მეტ სტიმულს აძლევს.
"იმედი მაქვს წლევანდელი "ოქროს ბრენდი" ქართული კომპანიებისთვის წარმატების მომტანი იქნება და მათი მხრიდან მეტი ბიზნესპროექტები განხორციელდება" - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
"ოქროს ბრენდის" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია საქართველოში 2006 წლიდან ტარდება.

















