„პროკრედიტ ბანკის“ წმინდა მოგებამ 2011 წელს 19.7 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის თაობაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მერედოვამ განაცხადა.
„პროკრედიტ ბანკმა“ გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და მედიას 2012 წლის გეგმები გააცნო.
გენერალური დირექტორის ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიჩ რეიტინგის“ მიერ 2011 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბანკის რეიტინგი BB მინუსიდან BB-მდე გაუმჯობესდა.
„პროკრედიტ ბანკმა“ საბანკო მომსახურეობა ერთ წერტილში დანერგა, რეგიონული ქსელი გააფართოვა, სამტრედიასა და ახალციხეში ახალი ფილიალები გახსნა, ბათუმის ფილიალებს ახალი სერვისცენტრი დაემატა, რომელიც კლიენტებს სეზონზე გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ახალი სერვისცენტები გაიხსნა დიდ დიღომსა და აღმაშენებლის გამზირზე.
„პროკრედიტ ბანკმა“ 20 000 აშს დოლარი გამოყო ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.
რაც შეეხება 2012 წლის გეგმებს, მერედოვას განცხადებით, ახალი ფილიალი მარნეულში აშენდება, კლიენტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესიდან ბათუმსა და თბილისში ახალი ბიზნესცენტრები გაიხსნება. ასევე, დასრულდება ახალი სათავო ოფისის მშენებლობა, რომელიც 12 000 კვ.მ-ს დაიკავებს.
„პროკრედიტ ბანკი“ დღეისთვის საქართველოს ბაზარზე აქტივების მიხედვით მესამე ადგილზეა. მისი აქტივები 2011 წლის ბოლოსთვის 586 მლნ დოლარს შეადგენდა.

















