პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული გადამზადების ტრენინგი სახელწოდებით "ისწავლე დღეს დაიწყე ხვალ" რეგიონების მოსახლეობისთვის ჩატარდება და მომავალში მათ
დასაქმებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრესსპიკერმა ჟურნალისტებს დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივები გააცნო, რომელთა შორისაა სტუდენტთა დასაქმებისა და ათას ლარიანი ვაუჩერის პროექტები.
მანჯგალაძის ინფორმაციით, პროექტი "ისწავლე დღეს დაიწყე ხვალ" რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას კომპიუტერული უნარ-ჩვევებისა და ინგლისურის ათვისებაში დაეხმარება.
"პროექტი განხორციელდება 20 ქალაქში. ტრენინგები დაიწყება 15 სექტემბერს და 2 თვე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან"-განაცხადა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში დასაქმების კუთხით სხვადასხვა ღონიძიებას გეგმავს.
მისივე თქმით, ბორჯომში 5 ახალი სასტუმრო შენდება. ამ პროექტით 1500-მდე ადამიანი დასაქმდება.
პრესსპიკერმა, ასევე აღნიშნა, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაწყებულია და სულ, ამ პროექტში 13 000 ათასი ადამიანი დასაქმდება.
"საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში 25 000-მდე ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული,15 000-მდე მოქალაქე ჩაერთვება წყლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 4 000 - რკინიგზაში, რამდენიმე ათასი მოქალაქე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას"- განაცხადა მანჯგალაძემ.

















