კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 0.4 პროცენტით გაიზარდა და პირველი მარტისთვის 7.7 მლრდ ლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ თვეში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.7 პროცენტითაა მომატებული, ხოლო უცხოური ვალუტით - 0.3 პროცენტით შემცირებული.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე მეტი სესხი 46.4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე გაიცა. 2012 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 12.6 პროცენტით შემცირდა და 1.9 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობის სფერო 880.1 მლნ ლარითაა დაკრედიტებული, ხოლო მშენებლობის სფერო - 425.3 მლნ ლარით.
2012 წლის თებერვლის განმავლობაში 60.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 3.2 მლრდ ლარს მიაღწია.

















