საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "მაგთიკომს", "ჯეოსელს" და "მობიტელს" სანქციები დააკისრა.
როგორც "ნიუსპრესს"კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომპანიების მიერ მომხმარებლებთან გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულებები "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის" მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
კომისიის ცნობით, აბონენტებს ხელშეკრულებების გაფორმებისას არ მიეწოდებოდათ მომსახურების მიწოდების არსებითი პირობები - მომსახურების ტარიფები, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები და სხვა.
"ჯეოსელს" და "მობიტელს" სანქციის სახით გაფრთხილება მიეცა, ხოლო "მაგთიკომი" 30 000 ლარით დაჯარიმდა.

















