საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ახალი, 24 თვიანი პროგრამის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმება დასამტკიცებლად მიმდინარე წლის 11 აპრილს სავალუტო ფონდის აღმასრულებელ საბჭოს წარედგინება.
პროგრამა საქართველოსთვის დაახლოებით 387 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც 2012-2013 წლებში ხელისუფლების ეკონომიკურ-საფინანსო პროგრამას მოხმარდება. თანხის ათვისება საჭიროებისამებრ მოხდება.
როგორც დღეს საქართველოში სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსური მდგომარეობა ძლიერია და შესაძლოა, ამ თანხის გამოყენება არ დასჭირდეს.
"თუ საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, საქართველო აღნიშნულ თანხას გამოიყენებს. თანხა 2012-2013 წლის ფინანსური და ეკონომიკური პროგრამას მოხმარდება" - განაცხადა გარდნერმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის მხარდამჭერი პირველი, 33 თვიანი პროგრამის განხორციელება უკვე დაასრულა. პროგრამის ფარგლებში საქართველომ დაახლოებით 893 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

















