მსოფლიო ბანკმა კახეთის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოყო.
ფინინასთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ასად ალამმა დღეს შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
პროექტი კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.
როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ აღნიშნა, მსოფლიო ბანკის სესხი 28 წლით გამოიყო, ის შეღავათიანია და მისი საპროცენტო განაკვეთი 0,7%-ია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში თელავში 150, ხოლო ყვარელში 30 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება. გათვალისწინებულია ახალი მუზეუმების აშენება.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში ასად ალმის განცხადებით, კახეთის რეაბილიტაციის პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის განვითარებას.
კახეთის განვითარების პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

















