საქართველო მსოფლიო ბანკისგან 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან კრედიტს მიიღებს.
აღნიშნულის თაობაზე საქართველო და მსოფლიო ბანკი ხვალ "რეგიონული განვითარების პროექტის" სასესხო ხელშეკრულებას გააფორმებენ.
როგორც "ნიუსპრესს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, ხოლო მსოფლიო ბანკის მხრიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი მოაწერენ ხელს.
თანხა კახეთის რეგიონის კომპლექსურ რეაბილიტაცია-განვითარებას, რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის შერჩეული ძეგლებისთვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებასა და კერძო ინვესტიციების ხელშეწყობას მოხმარდება.
ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი დაესწრებიან.

















