საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნას მოითხოვს.
მან "უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ" ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში ხვალ იგეგმება.
ახალი კანონპროექტით, უმუშევრის სტატუსის განსაზღვრა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზეა დამყარებული.
"მოქალაქეთა შრომის უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო გარანტიები უნდა არსებობდეს და ამ გარანტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნაა" - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების ყურადღების უმთავრეს საგანს ის ადამიანები უნდა წარმოადგენდნენ, ვინც ჯანმრთელია და შეუძლია თავისი შრომით ოჯახსა და სახელმწიფოს სარგებელი მოუტანოს.
ახალი კანონპროექტი დიმიტრი ლორთქიფანიძემ "უმუშევართა კავშირთან" ერთად მოამზადა.

















